საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის ინდუსტრიულ ზონაში, დაბა ყულევში ახალი
ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ფოთის
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის იდეა რეალურად ხორცს
ისხამს და შინაარსით ივსება.
„საერთო ჯამში, აქ არის მილიარდი დოლარის
ინვესტიცია, რაც ნიშნავს შემდეგი 4 წლის განმავლობაში 1500 დასაქმებულ ფოთელს. აქ
ადგილზე კიდევ სხვა ქარხნებიც იხსენება, ამიტომ ჩვენ გადავამზადებთ ხალხს,
იმისათვის, რომ მოსახლეობა დასაქმდეს. ფოთი კი, დიდი ინდუსტრიული ცენტრი
გახდება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მომავალში კიდევ ბევრი
პროექტია განსახორციელებელი. ქვეყნის პირველი პირი სიტყვით გამოსვლისას, ქალაქ
ლაზიკას მშენებლობასაც შეეხო.
„ლაზიკა არის ინვესტიცია ფულის ამოღების მიზნით
და ამ ფულის გადანაწილებით დანარჩენ საქართველოზე. ეს ქალაქი ვიღაცის აკვიატება კი
არ არის, ჩვენ გვინდა, რომ ჩავდოთ ფული და შემდგომ ეს ამოვიღოთ. ძალიან კონკრეტული
ბიზნესგეგმაა გათვლილი მოგებაზე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში არც ერთი მეტრი მიწა აუთვისებელი არ დარჩება. „ჩვენ და პირადად მე ვაპირებ მომავალში
გავაგრძელოთ ინტენსიური მუშაობა ამ დიდი სტრატეგიული გეგმების განხორციელებაზე. ეს
ყველაფერი კი, სრულიად საქართველოსთვის კეთდება. ეს საარჩევნო კამპანიები მალე
ჩაივლის და აღმშენებლობა გაგრძელდება“,- დასძინა პრეზიდენტმა.
internet.ge