სერგი კაპანაძემ ეუთო-ს წარმომადგენლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია გააცნო
ვენაში
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე
გამოვიდა. მან
ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, გააცნო ქართული მხარის ხედვა უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების გამკლავებაში ეუთო-ს ქმედითუნარიანობის
გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოსვლისას სერგი კაპანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციაზე, საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე და რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების
მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებზე
2008 წლის
აგვისტოში
საქართველოს
წინააღმდეგ
ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
მან
ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე და რეგიონში უსაფრთხოების გაუარესების შესაძლო სცენარებზე, ეუთო-ს ფარგლებში მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგსა და ამ პროცესის მიმართ ქართული მხარის მოლოდინებზე და საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზე.
თავის
გამოსვლაში,
საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ეუთო-ს ქმედითუნარიანი მისიის აღდგენის აუცილებლობას. ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოში იძულებით ადგილნაცვალ მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიზნით ეუთო-მ და მისმა ინსტიტუტებმა უნდა გააქტიურონ თავიანთი ძალისხმევა. სერგი კაპანაძემ ასევე აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში
ეუთო-ს როლის გაძლიერების აუცილებლობისა და ეუთო-ს მიერ ნდობის აღმდგენი ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობის შესახებ.
ეუთო-ში ვიზიტის ფარგლებში სერგი კაპანაძემ შეხვედრები გამართა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ძანიერთან, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის ირლანდიის ელჩთან ო'ლირისთან, ეუთო-ში აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ელჩებთან.
internet.ge