სეპარატისტული ცხინვალის რეგიონში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები
იმართება. ამ პროცესს „40-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი
გააკონტროლებს" - სიამაყით იუწყება ე.წ. საარჩევნო კომისია.
ყველაზე
მეტი რაოდენობით დამკვირვებლები რუსეთის ფედერაციიდან იქნებიან, -
ფედერაციის საბჭოს დეპუტატები, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის
წევრები, ფონდ „თავისუფალი არჩევნების" წარმომადგენლები და დამკვირვებლები
დნესტრიპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან. რატომღაც, ცხინვალის საინფორმაციო
სააგენტო „ოსინფორმის" საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ ფიგურირებენ
დამკვირვებლები აფხაზეთიდან და ტუვალუ-ნაურუებიდან. სააგენტო მხოლოდ რუსული
დელეგაციის შემადგენლობას აკონკრეტებს და ასევე ზოგადად აღნიშნავს, რომ
სეპარატისტულ „არჩევნებს" რუსეთიდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩასული
60 ჟურნალისტიც გააშუქებს.
შეგახსენებთ, ეს, ცხინვალის რეგიონში,
ბოლო 5 თვის განმავლობაში, „საპრეზიდენტო არჩევნების" უკვე მესამე
მცდელობაა. ნოემბერსა და დეკემბერში ჩატარებული ტურების შედეგები
მარიონეტული რეჟიმისა და კრემლისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. დღეს კი კენჭს
ის 4 კანდიდატი იყრის, რომლებმაც წინასწარი შერჩევის მკაცრი ეტაპები
გაიარეს და როგორც ამბობენ, მოსკოვი ნებისმიერი მათგანის გამარჯვებაზე
თანახმა იქნება.
ესენი არიან ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის
ყოფილი თავმჯდომარე, ლეონიდ თიბილოვი, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში
„პრეზიდენტის" წარმომადგენელი, დავით სანაკოევი, სეპარატისტების ელჩი
რუსეთში, დიმიტრი მედოევი და ადგილობრივი კომუნისტების ლიდერი, სტანისლავ
კოჩიევი.
Internet.ge