მას შემდეგ, რაც ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს შეხვდა
და გაესაუბრა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო მეტად ანერვიულდა.
სამინისტრომ თავის საიტზე განათავსა ინფორმაცია, რომლითაც ის
აფრთხილებს რუსეთის მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ საქართველოში ჩასვლისგან,
რადგან იქ რუსეთის მოქალაქეებს აკავებენ - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის საგარეო უწყება წერს, რომ „ქართული სპეცსამსახურები
აგრძელებენ ქვეყანაში ჩასული
რუსეთის მოქალაქეების სისტემატურ დაკავებასა და რეპრესიებს. ეს, როგორც ვხედავთ, ზედმეტი
ხმაურის გარეშე კეთდება. სამაგიეროდ, მედიაში ფართოდ შუქდება სააკაშვილის
პროპაგანდისტული შოუ გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“, სადაც ის, რუსეთის მოქალაქეებს,
რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს, მიესალმა სიტყვებით: „ჩამოდით ხშირად“. რუსეთის
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველოში ჩვენი
მოქალაქეების უსაფრთხოების გარამტიები არ არსებობს და რეკომენდაციას იძლევა, თავი
შეიკავოთ ამ ქვეყანაში ჩასვლისგან“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე
დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, 29 თებერვლიდან დღემდე საქართველოს საზღვარი რუსეთის 30 000-მდე მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ამავე მაჩვენებლთან შედარებით, 70%-ით მეტია.
Internet.ge