სააკაშვილი: პირველი ოქტომბერი ისეთივე გადამწყვეტი მომენტია, როგორიც 2008 წლის აგვისტო იყო
საქართველოს პრეზიდენტი გორში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობის წინაშე
სიტყვით გამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გორში და მთლიანად ქართლში ყველაფერი
კეთდება და ქვეყნის აღმშენებლობას ვერავინ შეაჩერებს.
„პირველი ოქტომბერი თავისი მნიშვნელობით ისეთივე გადამწყვეტი
მომენტია, როგორც 2008 წლის აგვისტო იყო. ჩვენმა მტერმა ვერ მოახერხა თავისუფლების
წართმევა და ახლა ის ცდილობს გააკეთოს არჩევნების გარშემო მანევრებით, შემოყრილი რუსული
ფულით ეს ყველაფერი. ჩვენი პასუხი კი იქნება ის, რომ ქვეყნის თავისუფლება არაფერზე
იცვლება. ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს, მაგრამ ბევრი რამ იცვლება
უკეთესობისაკენ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება რამდენიმე ადამიანის მიერ უღირსმა
დანაშაულმა, რომელზეც პასუხისმგებლობას ხელისუფლება იღებს, ხაზი გადაუსვას იმას,
რაც ამ წლების განმავლობაში კეთდებოდა.
„არ დავუშვებთ, რომ ამდენი წლები რასაც ვაკეთებთ დიდი რუდუნებით, ეს ვინმემ
შეაჩეროს. ჩვენი პროგრამა არის ძალიან კონკრეტული. მე ყველა ქართველის ტკივილი
მტკივა და ყველა პრობლემა ვიცი. რაც ჩვენ ვთქვით და რა დაპირებებიც გავაკეთეთ, ყველაფერს ვასრულებთ და მომავლშიც განვახორციელებთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
internet.ge