ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს,
გადადგომისკენ მოუწოდებს.
როგორც “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერეციაზე
ივანიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილს კიდევ ერთი შანსი აქვს ადამიანური სახე
შეინარჩუნოს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს.
„დღეს გაკეთებულ განცხადებას უნდა მოჰყვეს მისი განცხადება
გადადგომასთან დაკავშირებით. დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რითაც
არსებულ კონსტიტუციაში ხარვეზები გადაწყდება,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ დააყენებს უმრავლესობით მოსული ძალა
ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ივანიშვილმა განმარტა, რომ მას აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პროცედურები აქვს შემუშავებული.
„აქ არის რაღაც „ხოდები“, რომ ვაიძულოთ სააკაშვილი ვადამდელი
საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს, მაგრამ ახლა მისი მხრიდან ყველაზე გამართლებული
იქნება დაწეროს თვითონ განცხადება. მე მაქვს ამის მოლოდინი, რადგან დღეს
არჩევნებში დამარცხების აღიარება მოახერხა, შემდგომი მისი ნაბიჯი ლოგიკური და იოლი
იქნება დაწეროს განცხადება. თუ არ დაწერს განცხადებას ჩვენ სხვა გეგმას
მოვიფიქრებთ. ნურაფერს გამოვრიცხავთ“,- დასძინა ივანიშვილმა.
internet.ge