მოსაზრება იმის
შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს სამხრეთ კავკასიის
რეგიონში, გადაჭარბებულია, - თვლის აზერბაიჯანელი დეპუტატი, პოლიტოლოგი რასიმ
მუსაბეკოვი.
მისი თქმით, გაუგებარია, რაში მდგომარეობს ეს სიმკაცრე.
ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი - სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და ინფორმაციული,
მოსკოვმა უკვე გამოიყენა როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიმართ, - და
უშედეგოდ.
„დიდი ხანია არავისთვისაა საიდუმლო, რომ რეგიონში არსებული
კონფლიქტების უკან - იქნება ეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის თუ ყარაბაღის, - რუსეთი
დაგს. ამ კონფლიქტების არსებობა სერიოზულად ამძიმებს ჩვენი ქვეყნების განვითარებას, თუმცა ამან ვერ გვაიძულა თავი
დაგვეხარა ჩრდილოელი მეზობლის წინაშე და ვასალებად ვქცეულიყავით“ - განაცხადა
მუსაბეკოვმა.
მისივე
თქმით, აგრესია, რომლისკენაც რუსეთი იხრება იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ
კავკასიაში - საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრების სიახლოვეს რუსეთი სამხედრო
ძალების მობილზებას ახდენს და მასშტაბურ სწავლებებს ატარებს, სარისკო საქმეა და
მოსკოვს მთელი მსოფლიოს წინაშე პირისპირ დააყენებს. ხოლო რუსეთის საგარეო
პოლიტიკის ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა მთავარი სანიტარული ექიმის გენადი
ონიშენკოს მიერ ამა თუ იმ პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, განსაკუთრებული ზიანის
მიყენება არ შეუძლია არც საქართველოსთვის,
რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, და არც
აზერბაიჯანისთვის, რომლის ექსპორტშიც ენერგორესურსები დომინირებს.
რაც შეეხება ფარულ სამხედრო საფრთხეებს, აზერბაიჯანელ
დეპუტატს თურქეთის პრეზიდენტის აბდულ გიულის სიტყვები მოჰყავს, რომლის თანახმადაც,
ანკარა არ იქნება გულგრილი რეგიონში მიმდინარე
მოვლენების მიმართ და აუცილებლად ჩაერთვება მასში, რაც მოსკოვისათვის, მუსაბეკოვის
აზრით, ერთგვარი მინიშნება უნდა იყოს.
„ალბათ არ არის საჭირო შეხსენება, რომ მოკავშირული
ურთიერთობები რეგიონში არსებობს არა მხოლოდ სომხეთსა და რუსეთს შორის, არამედ
აზერბაიჯანსა და თურქეთს შორისაც“ - განაცხადა
აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.
Internet.ge