რუსი ანალიტიკოსები და
ექსპერტები საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად შექმნილ ვითარებაზე
მსჯელობენ.
„რუსეთი და ახლო
საზღვარგარეთი: განვითარების აქტუალური პრობლემები და ურთიერთქმედება“ - ამ
სახელწოდების სემინარზე სწორედ საქართველოსთან დაკავშირებით იმსჯელეს.
რუსი ექსპერტები მოელიან,
რომ ხელისუფლების ცვლის შემდეგ, საგარეო ფინანსური დახმარების შეწყვეტის ან
შემცირების შედეგად ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი.
ექსპერტმა მიხაილ
ჩერნოვმა კი ასეთი სათაურის მოხსენება წარადგინა: „საქართველო საპარლამენტოდან
საპრეზიდენტო არჩევნებამდე: ერთიანი სახელმწიფოს შენარჩუნების პერსპექტივები“.
მისი მთავარი მესიჯი კი ის იყო, რომ საქართველოს დაშლაა მოსალოდნელი.
მან ყურადღება გაამახვილა
„ხმის მიცემის რუქაზე“ და აღნიშნა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სამეგრელოსა
და დასავლეთ საქართველოში დაუჭირეს მხარი, ასევე მოხდა „ნაციონალურ ანკლავებშიც“ -
სამცხე-ჯავახეთსა და ბორჩალოში, მაშინ, როცა თბილისმა და დანარჩენმა საქართველომ
ხმა მისცა ოპოზიციურ პარტიას.
აქედან გამომდინარე კი
რუსი ექსპერტი ასკვნის, რომ მსგავსი „რეგიონალისტიკა“ მომავალ კონფქლიტებზე
მიუთითებს.
კერძოდ, ჩერნოვის
ანალიზით, სააკაშვილი, ხელისუფლების დაბრუნების მიზნით ვითარების დესტაბილიზაციას შეეცდება
და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას დაიწყებს. ეს კი სამოქალაქო
ომისა და ქვეყნის დაშლის რეალურ საფრთხეს
შექმნის, რაც შედეგში ქვეყნის რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაშლას
გამოიწვევს. ეს იქნება: აღმოსავლეთი, დასავლეთი და „ნაციონალური მხარეები“. აქედან
გამომდინარე კი რუსეთმა უნდა შეიმუშაოს გეგმა რეგიონში მშვიდობის დასაცავად -
ასეთია რუსი ექსპერტის დასკვნები.
ამასთან, საუბარი შეეხო
თბილისის საგარეო პოლიტიკურ მომავალ კურსსაც, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიასთან
მიმართებაში.
ექსპერტმა
იანა ამელინამ განაცხადა, რომ საქართველო, ივანიშვილის პირობებშიც კი, სავარაუდოდ,
შეინარჩუნებს მიხეილ სააკაშვილის მიერ აღებულ „ანტირუსულ“ კურსს, თუმცა სხვა
ფორმით, რაც მისი თქმით, ქმნის საშიშროებას რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ
ოსეთისათვის, რადგან საქართველოს ამის შემდეგ აღარ აღიქვამენ „აშკარა მტრად“ და
მის ინიციატივებს ნდობით მოეკიდებიან.
internet.ge