ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარსდგება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ავრცელებს.
ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დემოკრატიულად გამართული არჩევნების შემდეგ, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
„გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის კუთხით. დეკემბერში არის ნატოს მინისტერიალი, სადაც შესაძლებელი
იქნება მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები და სწორედ ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს გვმართებს ერთად
მუშაობა, კოალიცია „ქართულ ოცნებასთანაც“, რომ წინ წავიწიოთ“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამის თაობაზე მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთანაც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც დასძინა, რომ არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან აუცილებელია თანამშრომლობა, რათა ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.
internet.ge