„სამხრეთ ოსეთში" ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს ჩატარდება.მასში მონაწილეობას მიიღებენ პირველ ტურში ხმათა 42,48% გასული ადგილობრივი „კგბ"-ს ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და უფლებადამცველი დავით სანაკოევი, რომელმაც ხმების 24,58% დააგროვა. მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში ამომრჩევლის მინიმუმ 39% მაინც მიიღებს მონაწილეობას.
წაგებულმა კანდიდატებმა - სეპარატისტების ელჩმა რუსეთში დიმიტრი მედოევმა და კომუნისტების ლიდერმა სტანისლავ კოჩიევმა აღიარეს „არჩევნების" შედეგები.
კვლავ გაყალბებებზე საუბრობს მეორე ადგილზე გასული დავით სანაკოევი, რომელიც იმედოვნებს, რომ თუკი მომდევნო ეტაპი ფალსიფიკაციების გარეშე ჩაივლის, „პრეზიდენტის" სავარძელს სწორედ ის დაკავებს.
სანაკოევმა თავისი პრეტენზიები გააჟღერა, კერძოდ, აღნიშნა, რომ შეცდომით ხდება საარჩევნო პროტოკოლების შევსება, ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები კეთდება დამკვირვებლების მხრიდან, არსებობს დაკარგული ბიულეტენები, სახეზეა ძალიან ბევრი გაფუჭებული ბიულეტენი, პროტოკოლებში არაა შეტანილი ცნობები ამომრჩევლებზე, რომლებმაც დამატებითი სიებით მისცეს ხმა, რაც სანაკოევის აზრით, სადაოს ხდის „არჩევნების" შედეგებს.
internet.ge