რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გამოცდას უტარებს უნიკალურ ელექტრომაგნიტურ იარაღს,
- წერს „გაზეტა რუ“. აღნიშნული იარაღი, მისი შემქმნელების განცხადებით, ეფექტური
საშუალება იქნება ლოკალური კონფლიქტებისას და ასევე, ქალაქის მასშტაბით მასობრივი
არეულობების პირობებში. ის გამიზნულია ადამიანზე ზემოქმედებისთვის
და აქვს უკიდურესად მაღალი ელექტრომაგნიტური გამოსხივება.
„სხივი ადამიანში აუტანელ
ტკივილს იწვევს“ - განაცხადა კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა დიმიტრი
სოსკოვმა და განმარტა, რომ ძლიერი სხივი ზემოქმედებს ადამიანის კანის ზედა ფენაზე არსებულ ტენთან და მხოლოდ მილიმეტრის
მეათედით აღწევს შიგნით, რის გამოც შინაგანი ორგანოები არ ზიანდება - ირწმუნება
სოსკოვი, თუმცა ამბობს, რომ ამ დროს ადამიანი უძლიერეს წვას შეიგრძნობს, რამაც,
შესაძლოა, შოკიც კი გამოიწვიოს.
გასულ თვეში დასავლურ და თვით
რუსულ მედიაშიც აჟიოტაჟი გამოიწვია ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის
ანატოლი სერდიუკოვის განცახდებებმა იმის შესახებ, რომ რუსეთში უნდა დაიწყოს„ახალ ფიზიკურ პრინციპებზე დაფუძნებული“ იარაღის შექმნა“.
იდეამ, თვით რუსი ექსპერტებიც შეაშინა, რადგან საუბარი იყო სხივურ, ფსიქოფიზიკურ და გენურ იარაღზე.
იარაღს, რომელიც მხვერპლის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ელექტრომაგნიტური რადიაციით იმოქმედებს, შეუძლია ადამიანი ზომბად აქციოს, წერდა Мail on Sunday და განმარტავდა, რომ ეს იარაღი შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც რუსეთის მტრების, ისე საკუთარი დისიდენტების წინააღმდეგ.
მოსკოვში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა იუწყებოდა, რომ ვლადიმერ პუტინმა აღწერა ახალი ტიპის იარაღი, როგორც სრულიად ახალი ინსტრუმენტი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
Internet.ge