რუსეთის გენშტაბის მეთაურმა ნიკოლაი მაკაროვმა ტელეკომპანია
„Russia Today“-სთან
საუბარში მოსკოვისათვის უჩვეულო განცხადება გააკეთა. მაკაროვმა აღიარა, რომ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული
საფრთხე არსებობს და შესაბამისად, ანტისარაკეტო თავდაცვაც აუცილებელია.
„ის ანალიზი, რომელიც ჩვენ ამერიკელებთან ერთად ჩავატარეთ,
ადასტურებს, რომ საფრთხე არსებობს და აუცილებელია ანტისარაკეტო თავდაცვა”,-
განაცხადა მაკაროვმა.
როგორც ცნობილია, მანამდე მოსკოვი მუდმივად
აცხადებდა, რომ ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისა და ევროპის ქვეყნების
მიმართ ბირთვული საფრთხე არ არსებობს. ის ასევე კატეგორიული წინააღმდეგი იყო
ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებისა, რომელიც ირანიდან, სავარაუდო ბირთვული
თავდასხმისაგან, ნატო-ს წევრი ქვეყნების დაცვის მექანიზმად დასახელდა.
მაკაროვი აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემების ერთობლივად
შექმნისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ საკითხში ითანამშრომლებს ყველა სხვა ქვეყანასთანაც, რომლებიც ასეთ საფრთხეებს ეწინააღმდეგებიან: „მოდით, ერთად გადავჭრათ ეს პრობლემა,
მოდით გავთავისუფლდეთ საფრთხეებისგან, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას არა მხოლოდ
ევროპის ქვეყნებისთვის, არამედ რუსეთისთვისაც, რადგან ჩვენც ევროპის ნაწილი ვართ“
- განაცხადა მაკაროვმა.
Internet.ge