მმართველი გუნდი არ
გამორიცხავს, რომ იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან
გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.
როგორც
ჟურნალისტებს პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე
კუბლაშვილმა განუცხადა, კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“
მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილი მიმართვა საინტერესოა.
მისი
თქმით, ევროპარლამენტმა ასეთი რეკომენდაციით ევროპულ სახელმწიფოებს მიმართა და
ე.წ. შავი სია არსებობს, სადაც ის თანანმდებობის პირები შედიან, რომლებიც მაგნიცკის საქმის დეტალებს უკავშირდებიან.
დეპუტატის
განცხადებით, მას ამ ეტაპზე უჭირს იმის თქმა როგორი იქნება პარლამენტის გადაწყვეტილება, მაგრამ ამ საქმეზე, ევროპის სახელმწიფოებს საყურადღებო რეაქცია აქვთ.
„შეიძლება,
ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. ალბათ, მსჯელობა გაიმართება“, – ამბობს დეპუტატი.
შეგახსენებთ,
რომ კოალიციამ პარლამენტს მიმართვა გადაუგზავნა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას სთხოვს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დამცველთა საერთაშორისო ინიციატივას და კანონი მიიღოს, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის პატიმრობაში ტრაგიკულ სიკვდილსა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებში დამნაშავე რუსეთის შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციებს დააწესებს.
კოალიციის მოსაზრებით, ასეთი კანონის მიღება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არასდროს შეეგუება ადამიანის უფლებების დარღვევას, განურჩევლად იმისა, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ და ვის მიერ არის ჩადენილი ასეთი დარღვევები.
იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს, მოსკოვის ციხე „ბუტირკაში“, წამების შედეგად გარდაიცვალა.
internet.ge