ოპოზიციური პოლიტიკური აგიტაციის დაჯგუფება „РосАгит“–ი დღეს, მოსკოვის ცენტრალურ მოედანზე კარვებს გაშლის. ამის შესახებ Gazeta.ru–ს „РосАгит“–ის აქტივისტმა ვაძიმ კოროვინმა შეატყობინა.
„იგეგმება კარვების დადგმა, მიტინგი, ღონისძიება. არ ვთვლით, რომ ამისთვის ნებართვა უნდა ვთხოვოთ უზურპატორებს,“ – განაცხადა კოროვინმა, რომელმაც დააზუსტა, რომ რუსეთის კონსტიტუციის 31–ე და 27–ე მუხლის თანახმად მოქმედებენ. მისივე სიტყვებით, აქცია საღამოს 7 სთ–ზე დაიწყება.
კარვების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. აქტივისტები ამას ადგილზე გადაწყვეტენ, თუმცა ორიენტირად „მანეჟის“ მოედანს აიღებენ. ოპოზიციონერები აქციის ჩასატარებლად ნებისმიერ ადგილს განიხილავენ ცენტრის მახლობლად.
ამავდროულად, მოსკოვის პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას „დესტრუქციულად განწყობილი“ მოქალაქეთა ჯგუფების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ. „ზოგიერთი ორგანიზაცია აპირებს არასანქცირებული მიტინგის მოწყობას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და რეალური საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა სიცოცხლეს,“ – ნათქვამია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.
Internet.ge