„თავისუფალი საქართველო“ და
„დემოკრატიულ მოძრაობა“, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამემენტო არჩევნებში, ერთ
ბლოკად მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა,
კახა კუკავამ iTV-ის პრესკლუბში
ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნინო ბურჯანაძესთან ერთ ალიანსში ყოფნა საერთო
ინტერესებისა და ხედვების შემდეგ გადაწყდა.
„ჩემსა და ნინო ბურჯანაძეს შორის საკვანძო საკითხებში იდენტური შეხედულებები
არსებობს. ამიტომ, მესამე ძალის გამოჩენით, ქართული პარლამენტი მხოლოდ მოიგებს.
დღევანდელი პარლამენტი ძალიან მოსაწყენი გახდა. ამის მიზეზი ერთიდაიგივე ხედვის
ადამიანების, მათ შორის, ოპოზიციის არსებობაა. თუ ნინო ბურჯანაძე და „თავისუფალი
საქართველო“, თუნდაც უმცირესობით,
იქნებიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში, ამით ბევრს შესძენენ ქართულ
პარლამენტს“,- განაცხადა კახა კუკავამ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა „ქართული ოცნების“ გარეთ დარჩენილ
პოლიტიკოსებთან გაერთიანებაზე საუბარი. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ ბურჯანაძე-კუკავას ალიანსი
„ეროვნულ-დემოკრატიულ“ პარტიასთან არასოდეს ითანამშრომლებს.
„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან. თუმცა „თავისუფალი
საქართველო“ ისეთ პოლიტიკურ პარტიასთან, როგორიცაა „ედპ“და რომელიც იმას აკეთებს,
რასაც ხელისუფლება უბრძანებს, არასდროს გავერთიანდებით“,- განაცხადა კუკავამ.
ამასთან, კუკავას განცხადებით, ძმებ გაჩეჩილაძეებთან მეგობრული
დამოკიდებულების მიუხედავად, მათთან ალიანსის შანსიც მცირეა.
„უცხო არავისთვისაა, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებთან მეგობრული ურთიერთობა
მაკავშირებს, მაგრამ არ მგონია, ჩვენ ერთ პარტიაში ვიყოთ, რადგან განსხვავებული
შეხედულებები გვაქვს“,- განმარტა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.
Internet.ge