ჟენევის მოლაპარაკებებზე აფხაზები ტერმინ „ოკუპაციის“ განმარტებით დაინტერესდებიან
09:32 11.05.2012
|
დღის სიახლეები
|
აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი
ალექსანდრე ანქვაბი ჟენევის
თანამთავმჯდომარეებს - სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელს ფილიპ
ლეფორს, გაეროს წარმომადგენელს ანტი ტურუნენს და ეუთოს წარმომადგენელს - პადრიგა
მერფის შეხვდა.
როგორც „აპსნიპრესი“ იუწყება,
თანამთავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შესაძლებელი იყოს
ისეთ საკვანძო საკითხებზე მუშაობა, როგორიც ძალის არგამოყენების საკითხია.
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთმა უკვე
წარმოადგინა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი. არის ინფორმაცია, რომ ამ
საკითხზე საქართველო თავის წინადადებებს ამზადებს. მოდის გარკვეული მესიჯები იმის
შესახებ, რომ შევძლებთ საერთო დოკუმენტის შემუშავებას. ჩვენ ვეძებთ საშუალებებს,
რომლებიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს“ - განაცხადა ანტი ტურუნენმა.
დიპლომატებმა გამოთქვეს იმედი, რომ შეძლებენ
გააგრძელონ კონტაქტები, ვიდრე არ დარეგულირდება საკითხის პოლიტიკური ასპექტები.
„ისე უნდა ხდებოდეს, რომ პროვოკაციებმა ვერ
შეუშალოს ხელი მოლაპარაკებებს“ - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.
თავის მხრივ ანქვაბმა აღნიშნა, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეებმა
ამ თემაზე მეტი უნდა ისაუბრონ და იმუშაონ ქართულ მხარესთან, რომელიც ანქვაბის
თქმით, კვლავაც ცდილობს აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციას, პირველ რიგში კი
გალის რაიონში.
„აპსნიპრესის“ ცნობით, თანათავმჯდომარეებმა
ანქვაბს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში
შეხვედრების ზუგდიდში ჩატარება შესთავაზეს, რაზეც სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა
უარი განაცხადა.
შეხვედრაზე ანქვაბმა ევროკავშირის დამკვირვებელთა
მისიის ხელმძღვანელს ანჟეი ტიშკევიჩის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.
როგორც ცნობილია, ტიშკევიჩი სოხუმმა „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა.
ანქვაბმა აღნიშნა, რომ „მე ვაპირებ მომავალშიც ასეთი რეაგირება
მქონდეს საერთაშორისო დიპლომატების საქციელზე. ჩვენ არ ვიკონტაქტებთ ადამიანებთან,
რომლებსაც არ სურთ ეთიკის ელემენტარული წესების დაცვა“ - განაცხადა მან.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბასაც შეხვდნენ, რომელმაც
განაცხადა, რომ გალში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმების ტრადიციულ შეხვედრებში
აფხაზური მხარე მანამდე წყვეტს მონაწილეობას, ვიდრე არ შეიცვლება
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი.
„ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე, რადგანაც მკაფიოდ
გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია“ - განაცხადა ჩირიკბამ.
„აპსნიპრესთან“ საუბარში მან ჟენევის
მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე აფხაზური
მხარის გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვთ, საქართველოსგან
ტერმინის „ოკუპაცია“ განმარტება მოისმინონ:
„აფხაზური და ოსური მხარის მოთხოვნით, შედგება საინფორმაციო სესია ოკუპაციის
თემაზე. ჩვენ გვსურს მოვისმინოთ, რას ნიშნავს ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის
თვალსაზრისით, რადგანაც ქართველები და ამერიკელები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი და
სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ქვეყნებია. ჩვენ გვსურს გავიგოთ, რამდენად დასაშვებია
ასეთი მტკიცებები საერთაშორისო ნორმებიდან
გამომდინარე. გარდა ამისა, ჩვენი ინიციატივით დისკუსიის დროს განიხილება ქართული
ნეიტრალური პასპორტების საკითხი, რომლის თავსმოხვევასაც საქართველო სხვა ქვეყნებისთვისაც ცდილობს. განიხილება, ასევე, ევროვაკავშირის სავიზო პოლიტიკის საკითხები.
ცნობილია, რომ ევროპელები და ამერიკელები აფხაზეთის მცხოვრებლებს არ აძლევენ
ვიზებს არც აფხაზური, არც რუსული პასპორტების შემთხვევაში. ჩვენ ვაპირებთ ამის
შესახებ ვისაუბროთ“ - განაცხადა ჩირიკბამ.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|