ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პეტროს ეფთიმიუს განცხადებით, ბათუმის ეკონომიკურ კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ეუთოს საპარლამენტო ყოველწლიური სესიის წინ იმართება, რომელიც ივლისში მონაკოში ჩატარდება.
კონფერენციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და პეტროს ეფთიმიუმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ეფთიმიუის
ინფორმაციით, მონაკოში, სესიაზე, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება - რეზოლუცია ეკონომიკურ კრიზისთან მიმართებაში.
თავის მხრივ, კონფერენციის მნიშვნელობაზე, დავით ბაქრაძემაც
ისაუბრა და განაცხადა, რომ
საქართველოსთვის ეკონომიკური საკითხების გარდა, მნიშვნელოვანია ყველა ის თემა, რომელზეც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მუშაობს.
„ეკონომიკური განვითარება საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, ყოველთვის საინტერესოა პარტნიორი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება. ასეთი ტიპის აზრთა გაცვლა და ეკონომიკაზე მსჯელობა კონკრეტული ნაბიჯია, რომელიც უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა
ბაქრაძემ.
შეგახსენებთ,
რომ ბათუმში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია თემაზე -
„ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“ იმართება, რომელშიც 40–მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.
Internet.ge