ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე,
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კოალიციის პოზიციაზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, ახალი ცვლილებით, სააკაშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონო ჩამორთმევის გადაწყვეტილების დაფარვას.
„სააკაშვილმა გადაწყვიტა, კონსტიტუცია, კიდევ
ერთხელ მოერგო თავისი პოლიტიკური ინტერესისათვის. ამჯერად, საქართველოს
მოქალაქეობის არ მქონე პირი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოში
10 წელიწადი უცხოვრია, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს და არჩევითი თანამდებობის
დაკავება შეუძლია. ასევე, ცვლილების თანახმად, სააკაშვილი პრაქტიკულად საბოლოოდ ამკვიდრებს
ქართულ სამართლებრივ სისტემაში აბსურდს, არღვევს საქართველოს მოქალაქეების
თანასწორობის პრინციპს კანონის წინაშე და მათ ართმევს იმ პოლიტიკურ უფლებებს,
რომლის მინიჭებაც უცხოელი მოქალაქეებისთვის აქვს განზრახული,“- განაცხადა
ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით, თეორიულად ისიც კი შეიძლება მოხდეს, რომ პარლამენტი და
მთავრობა მთლიანად უცხო ქვეყნის მოქალაქეებით დაკომპლექტდეს.
„სააკაშვილი ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ პირადი ინტერესები
დაიკმაყოფილოს. ახლა უკვე საქმე ისეთ აბსურდამდეა მისული, რომ თითქმის ყოველდღე,
ახალ-ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს გვთავზობს“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
Internet.ge