Facebook-ზე გამოქვეყნდა იმ დოკუმენტების ნაწილი, რომელიც ვლადიმერ პუტინს კორუფციასა და მილიონიან ფინანსურ მაქინაციებში ამხელს. დოკუმენტები ცნობილი რუსი პოლიტიკოსის მარინა სალიეს არქივიდანაა, რომელსაც ის წლების განმავლობაში ინახავდა.
მარინა სალიე გასულ კვირას დაკრძალეს, მისმა მეგობრებმა კი ამ დოკუმენტების გამოაშკარავება გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, ეს სალიეს არქივის სრული სურათი არ არის, თუმცა იქიდანაც, რაც სოციალურ ქსელში დაიდო, კარგად ჩანს სანკტ-პეტერბურგის მაშინდელი მერიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის ვლადიმერ პუტინის როლი კორუფციასა და მაქინაციებში.
1992 წელს სწორედ მარინა სალიე თავმჯდომარეობდა სანკტ-პეტერბურგის ქალაქის საბჭოში კომისიას, რომელიც სპეციალურად შეიქმნა, რათა მერიაში ვლადიმერ პუტინის საქმიანობა გამოეძიებინა.
კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ პუტინმა და მისმა მოადგილემ ალექსანდრ ანიკინმა საზღვარგარეთ გაიტანეს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ლითონი, ნავთობპროდუქტები და სხვა ნედლეული. მაგალითად, 750 000 კუბური მეტრი ხე-ტყე, 150 000 ტონა ნავთობპროდუქტები, 14 ტონა იშვიათი ლითონი…
სალიეს კომისიამ მაშინ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, თუმცა პასუხისმგებლობისგან გაქცევა პუტინმა მფარველების საშუალებით მოახერხა.
2010 წელს მარინა სალიემ ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ინტერვიუ მისცა რადიო „თავისუფლებას“ (http://www.youtube.com/watch?v=FacM4-wzLAg).
როგორც ამბობენ, სწორედ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტები იყვნენ ერთადერთნი, ვისაც სალიემ თავისი არქივი და დღეს უკვე საჯაროდ ქცეული კომპრომატები ანახა პუტინზე.
მარინა სალიეს გარდაცვალების შემდეგ ითქვა, რომ მან „პირად შეურაცხყოფად აღიქვა ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“. სალიეს და რუსეთის ახალ პრეზიდენტს, წლების შემდეგაც კი მტრებად მოიხსენიებდნენ.
გამოქვეყნებული დოკუმენტების ხილვა შესაძლებელია მისამართზე:
http://www.facebook.com/media/set/?set=a.384728321551803.94156.273762169315086&type=1
Internet.ge