საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, სეულში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა.
მინისტრი, მაროკოს სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს საად ედდინ ელ ოთმანის, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ დავუთოღლუს და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ფედერალურ კანცლერს დ. ბურკჰალტერს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მაროკოს სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აქტუალური თემები, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და მაროკოს ურთიერთქმედების საკითხები.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს, გაცვალეს ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ასევე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და ხაზი გაესვა შვეიცარიის კონფედერაციის საშუამავლო მისიის მნიშვნელობას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხში.
შეგახსენებთ, რომ 26-27 მარტს ქ. სეულში ბირთვული უსაფრთხოების რიგით მეორე სამიტი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 59 ქვეყნის დელეგაცია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.
სამიტის მონაწილეებმა განიხილეს ბირთვულგაუვრცელებლობასთან, რადიოაქტიური მასალების დაცულობის ხარისხისა და ბირთვული უსაფრთხოების კულტურის ამაღლებასთან, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
სამიტის დასასრულს მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე.
Internet.ge