არასამთავრობო ორგანიზაციები: ფონდ „ქომაგის“ საქმიანობის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირება ხდება
არასამთავრობო ორგანიზაციები საქველმოქმედო ფონდ
„ქომაგთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიდან გამომდინარე, ფონდის საქმიანობის „ქართულ ოცნებასთან ასოცირება ხდება.
აქედან გამომდინარე, არასამთავორბო ორგანიზაციები, მოუწოდებენ ნებისმიერ პირს თავი
შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვად იქნას აღქმული. ვინაიდან, აღნიშნულმა ქმედება შესაძლოა პასუხისმგებლობის ქვეშ
დააყენოს არა მარტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები/მათ სასარგებლოდ მოქმედი პირები, არამედ, მატერიალური სიკეთის მიმღები პირებიც.
„ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი
„ქომაგი“. გაზეთ
„რეზონანსის“ 14 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „ქართული ოცნების“ ლიდერები საუბრობენ ფონდის სამომავლო გეგმებზე, რაც იწვევს ფონდის საქმიანობის ასოცირებას მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან“. სტატიიდან ირკვევა, რომ ფონდი
პოლიტიკური ნიშნით დაზარალებულ პირებს ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას გაუწევს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფონდი დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა
ხარჯებს. მისცემს წართმეული სოციალური შემწეობისა და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას... საჭიროებიდან გამომდინარე 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას გამოუყოფს“,- ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური მიზნით, როგორც პოლიტიკური პარტიის მხრიდან პირდაპირ, ასევე, არაპირდაპირ (სხვა პირის
მეშვეობით) ფულის,
ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზებას, დაპირებას, გადაცემას ან გაწევას, ასევე, წინასწარი შეცნობით ასეთის მოთხოვნას ან მიღებას.“
„მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს თავი
შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას
ამომრჩევლის მოსყიდვად, ვინაიდან მატერიალური ფასეულობების გადაცემა პოლიტიკური მიზნით წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე. ამასთანავე, ამ ქმედებამ შესაძლოა პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენოს არა მარტო პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები/მათ სასარგებლოდ მოქმედი პირები, არამედ, მატერიალური სიკეთის მიმღები პირებიც“,- აცხადებენ არასამთავრობოები.
Internet.ge