პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების
შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება შეეძლება.
როგორც ჟურნალისტებს კუბლაშვილმა განუცხადა, გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ იმ პირებს, ვინც ამ ნორმით ისარგებლებენ, უფლება ექნებათ, აღნიშნული თანამდებობები დაიკავონ და პოლიტიკურ პროცესებში, აქტიური მიიღონ მონაწილეობა.
შეგახსენებთ,
რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 109 მომხრე ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.
ცვლილებებით, კონსტიტუციას 104/4-ე მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.
საკონსტიტუციო ცვლილებებს,
პარლამენტი მესამე მოსმენით, მომავალ კვირას დაამტკიცებს.
Internet.ge