პარლამენტში, ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიულ მომსახურებათა საჭიროებების თაობაზე იმსჯელებენ
დღეს, დეპუტატებს ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების - მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა კვლევის შედეგებსა და მათზე დაფუძნებით შემუშავებულ რეკომენდაციებს გააცნობენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრაზე „ევრიჩაილდ საქართველოს“ დირექტორი ანდრო დადიანი, „ფონდი ბრეს-საქართველოს“ დირექტორი ანა ჩაჩხუნაშვილი და „საქართველოს ბავშვების“ დირექტორი ჯაბა ნაჭყებია „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევაზე“
ისაუბრებენ.
არსებული ინფრმაციით, აღნიშნული კვლევა პირველი
პრეცედენტია, რომელმაც დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში მოქმედი ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის ალტერნატიული მომსახურება მოიცვა.
კერძოდ, პროექტის თერთმეტმა პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად 70 რეკომენდაცია
შეიმუშავა, საიდანაც ერთი უკვე შესრულდა, ხოლო ოცი განხორციელების პროცესის სხადასხვა ეტაპზე იმყოფება. თუმცა, კიდევ 49 რეკომენდაცია რჩება, რომელიც ყურადღებას საჭიროებს.
საჭიროებათა კვლევა – „ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, სადაც 2011
წლის აპრილიდან - ოქტომბრამდე,
ინდივიდუალურ ინტერვიუებსა და ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობა 344-მა პირმა მიიღო.
Internet.ge