ქუცნაშვილი: თუ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის
ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ ბიზნესმენს ურჩევნია არჩევნებში
მონაწილეობაზე უარი განაცხადოს, ვიდრე ქვეყნის მთავარი დოკუმენტის „ხელყოფას“ დათანხმდეს.
როგორც ივანიშვილის ადვოკატმა „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა,
პარლამენტის მიერ შემუშავებული კონსტიტუცია აბსურდზეა დამყარებული.
„კონსტიტუციის ხელყოფის ფაქტი გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ
ერთხელ დამტკიცდა. ცვლილებების მიხედვით, საქართველოს არა მოქალაქეს შეუძლია
ქვეყნის უმაღლესი პირის სტატუსისთვის იბრძოლოს. ეს იგივეა რაც ოჯახის უფროსად
დანიშნო არა ოჯახის წევრი. ბატონი სააკაშვილი თუ აღნიშნულ ცვლილებას დაამტკიცებს
ივანიშვილი არჩევნებზე უარს იტყვის“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.
„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე თუ საქართველოს პრეზიდენტი ბიძინა
ივანიშვილის ულტიმატუმს არ დასთანხმდება, რა სტატუსით იბრძოლებს კოალიციის ლიდერი,
ადვოკატი ამბობს, რომ ივანიშვილი გააგრძელებს აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ
საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს.
„ღია წერილში ბატონი ბიძინა ამბობს, რომ ცვლილებებით არ ისარგებლებს,
რაც ნიშნავს იმას, რომ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ივანიშვილი პოლიტიკაში
მოსვლის პირველივე დღიდან აცხადებს, რომ კანონით გათვალისწინებული ნორმებით
იბრძოლებს და იგივეს გააკეთებს“,- დასძინა ქუცნაშვილმა.
internet.ge