გამყრელიძე: კახეთში სასმელი წყლისა და გაზიფიცირების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები კახეთის სოფლებში შეხვედრებს განაგრძობენ. დღეს დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ახმეტის რაიონის სოფლების, ზემო ხოდაშენის და ქვემო ალვანის მოსახლეობას შეხვდნენ.
„ახალი მემარჯვენეების“ მტკიცებით, რაიონისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულ პრობლემას სასმელი წყლისა და გაზიფიცირების საკითხი წარმოადგენს.
დავით გამყრელიძის განცხადებით, წლების განმავლობაში უყურადღებოდ დატოვებული და მოუვლელი სასმელი წყლის სისტემები თითქმის სრულად ამორტიზებული, სათავე ნაგებობების რეზერვუარები კი, დაბინძურებულია, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობას.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა „პრობლემის ერთი მხარეა, რომ ადამიანებს სასმელი წყალი ძალიან იშვიათად მიეწოდებათ და მეორე, რომ მიწოდების შემთხვევაშიც კი, ამ წყლის სასმელად მოხმარება პრაქტიკულად შეუძლებელია“.
„სოფლის მოსახლეობის გაზიფიცირებისა და ოჯახებში გაზის შეყვანის საკითხი გადაულახავ პრობლემად იქცა. სოფლებამდე მიყვანილი გაზის მაგისტრალის გამხოლოება და ოჯახებში შეყვანის ვალდებულება სახელმწიფომ და გაზის კომპანიებმა მთლიანად მოსახლეობას გადაულოცეს და თავად კი, ამ პრობლემის მოგვარებისგან ხელები დაიბანეს. იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა შემთხვევებში სახლებში გაზის შეყვანა ძვირია და 400–დან 800– ლარამდე ჯდება, ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ეს თანხები გადაიხადონ“ – აღნიშნა დავით გამყრელიძემ.
internet.ge