დაპირისპირება მოხდა უკრაინის რადაში, სადაც მმართველი
რეგიონების პარტიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატებმა ერთმანეთს სცემეს. არიან
დაშავებულებიც, რომლებმაც მართალია, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, მაგრამ სამედიცინო
დახმარება მაინც დასჭირდათ.
ჩხუბი ენის შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. პროექტი რუსული ენისთვის სტატუსის
ამაღლებას და მისთვის, თითქმის, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.
ოპოზიციამ განხილვის დაწყებამდე ტრიბუნა დაბლოკა და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა. თუმცა
სპიკერმა სხდომა დახურა. სწორედ ამ დროს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, მმართველი პარტიის
წარმომადგენელი ვადიმ კოლესნიჩენკო პრეზიდიუმიდან მთავროს ლოჟაში ჩაიყვანეს და
სცემეს.
დაშავდა, ასევე, იულია ტიმოშენკოს ფრაქციის წევრი ნიკოლაი პეტრუკა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კოლესნიჩენკოს კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უკრაინული
ენა გაქრება. კულტურისა და სულიერების კომიტეტის თავმჯდომარემაც განაცხადა, რომ პროექტი
უკრაინაში „ორ-ენიანობის“ შემოღებას გულისხმობს.
ძალაში შედის ნორმა, რომლის თანახმადაც შეიძლება მეორე სახელმწიფო ენის დაშვება იმ
ტერიტორიებზე, სადაც ამ ენაზე მოსაუბრე მოსახლობა 10% შეადგენს. ასეთ შემთხვევაში კი
გამოდის, რომ რუსული ენა რეგიონალური ენა გახდება უკრაინის 13 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ
ერთეულზე.
სხდომათა დარბაზში მიმდინარე ფიზიკური დაპირისპირების პარალელურად ოპოზიციონერებმა
და მათმა მხარდამჭერებმა კარვების გაშლა დაიწყეს რადას შენობასთან.
რუსული ენის სახელმწიფო ენად ქცევის პირობა, როგორც უკრაინული მედია წერს, ვიქტორ
იანუკოვიჩმა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დადო.