მაია მიმინოშვილის განცხადებით, მას საკუთარი თავი პოლიტიკაში არ
წარმოუდგენია. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის ექს
ხელმძღვანელმა განუცხადა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან შეხვედრა არ
ნიშნავს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პარტიაში გაწევრიანდება.
„ბატონი ბიძინას ინიციატივით შვხვდი მას. ივანიშვილი დაინტერესდა, ხომ
არ შეექმნებოდა ჩემი გათავისუფლებით საფრთხე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაშლას,
რაზეც მე ჩემი მოსაზრება გავუზიარე. ამის ალბათობა დიდია, რადგან რესურსცენტრის
60-მა გამოცდილმა თანამშრომელმა სამსახური
დატოვა“,- განაცხადა მიმინოშვილმა.
სააგენტოს კითხვაზე, ხომ არ ატარებდა დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკურ
ხასიათს, მიმინოშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან მხოლოდ განათლების სამინისტროს
გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება
გუშინ მიიღო.
განათლების სამინისტოში განმარტავენ, რომ რეფორმების განხორციელების
პროცესში შეიქმნა პრინციპული შეუთავსებლობა განათლების სამინისტროს პოლიტიკასა
და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის.
internet.ge