რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების მიმართ ირაკლი ალასანიას ბრალდებებს იმეორებს. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს ქართველი ოპოზიციონერების მიერ გამყარებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აფხაზეთის სიახლოვეს ქართული სპეცსამსახურები პროვოკაციებს აწყობენ.
„საქართველო აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონებში არაფორმალურ შეიარაღებულ გაერთიანებებს ქმნის“ - ამბობს კარასინი და ამის დასტურად ირაკლი ალასანიას განცხადება მოჰყავს:
„ბოლო თვეებში სიტუაციის გამწვავება შეინიშნება საქართველო-აფხაზეთის საზღვარის რაიონში, სადაც გრძლდება ქართული სპეცსამსახურების პროვოკაციები. იანვრის თვიდან უკვე მოკლულია 7 ადამიანი. გაჩნდნენ რაღაც შეიარაღებული ფორმირებები. ამას ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ადასტურებენ. ქართული მხარე, ჩვენი განცხადების შემდეგ, ტრადიციულად, შეეცადა, პასუხისმგებლობა აფხაზებზე და გადაეტანა და რუსეთის მხრიდან პროვოკაციებზე ესაუბრა. მაგრამ ჩვენ ციფრებით და ფაქტებით ვუჩვენეთ, რომ ვფლობთ სიტუაციას, ვიცით კონკრეტული ადგილები, თუ სად რა ხდება“ - განაცხადა კარასინმა.
„პროვოკაციების ილუსტრაციისთვის“ კი ადგილზე, ანუ აფხაზეთში, სეპარატისტები და რუსი სამხედროები და მესაზღვრეები ერთად „ზრუნავენ“:
როგორც "ინტერნეტ.ჯი" იუწყებოდა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა მესაზღვრეებმა გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე შალვა ხუხუა დააკავეს, რომელსაც, მაკაროვის ტიპის იარაღი აღმოუჩინეს. ხუხუა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სპეცრაზმმა აიყვანა, აფხაზური სააგენტოს ცნობით კი, სპეცსამსახურები უკვე ამუშავებენ ვერსიას, რომლის თანხმადაც ხუხუა, შესაძლოა, „აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული აქტების ჩადენასთან იყოს კავშირში“.
Internet.ge