პრეზიდენტის
რანგში ვლადიმერ პუტინის პირველი ოფიციალური ვიზიტები გერმანიასა და საფრანგეთში
საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
აქციის
მონაწილეებს რუსეთის საპროტესტო მოძრაობისადმი სოლიდარობის ნიშნად თეთრი ლენტები ეკეთათ. მათ შორის იყვნენ Amnesty
International-ის წარმომადგენლები და სირიელები, რომლებიც
მოსკოვის მიერ ბაშარ ასადის რეჟიმისათვის იარაღის მიწოდებას აპროტესტებდნენ.
ბერლინში პუტინს
პერფორმანსით დახვდნენ, სახელწოდებით „მეფის სვლა“, რომელიც კანცლერის სასახლესთან
მოაწყვეს. აქციის მონაწილეები დრამების ხმის ფონზე სკანდირებდნენ: „ძირს, ძირს
პუტინი“ და „დაბომბეთ ასადი“. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პუტინის კორტეჟს
პომიდვრები ესროლა, რის გამოც ის დააკავეს. სულ აქციაში მინიმუმ 100 ადამიანი
მონაწილეობდა.
პარიზში, სადაც
პუტინისა და ფრანსუა ოლანდის
ოფიციალური ვახშამი იყო დაგეგმილი, ერთდროულად ორი აქცია ჩატარდა.
უფლებადამცველები Amnesty International-იდან ქალაქის ქუჩებში დილიდან გამოვიდნენ ე.წ. ელექტრო სამოკატებით,
რომლებზეც მიმაგრებული იყო პლაკატები პუტინის გამოსახულებით, მის ქვეშ კი მენიუ
იყო მითითებული: „ფრიკასე“ ფეხქვეშ გათელილი თავისუფლებით, სუპ-პიურე იარაღის
გაყიდვიდან - ბაშარ ასადის სოუსით და ჩეჩნური დესერტი მოკლულ მოქალაქეთა სიროფით.
საღამოს კი შარლ დე გოლის ძეგლთან ელისეს
მინდვრებზე თეთრლენტიანები გამოჩნდნენ - ძირითადად რუსები და სირიელები. ისინი
სკანდირებდნენ: „პუტინო, ვახშმად შენ ჩვენ არ გვჭირდები“ და „რუსეთი იქნება
თავისუფალი“. აქცია სტვენით დასრულდა 21:00 საათისთვის, როცა პუტინი და ოლანდი
ვახშამს უნდა შესდგომოდნენ.
internet.ge