ჰილარი კლინტონსა და ოპოზიციურ სპექტრს შორის გამართულ შერხვედრაზე
საუბრის ძირითადი თემა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იყო. ამის
შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით
გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა დაგეგმილზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაც
მეტყველებს აშშ-ს ინტერესზე, თუ რა ხდება ქართულ ოპოზიციაში და რამდენად არის
თანაბარი პირობები არჩევნების წინაპერიოდში.
„ვისაუბრეთ არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან გარემოში ჩატარების
აუცილებლობაზე. იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ მივიღოთ მრავალპარტიული
სისტემა და ეს ეხება როგორც მმართველ პარტიას, ისევე „ქართულ ოცნებასაც“, რომლის
ლიდერი აცხადებს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის აღება სურს“,- განაცხადა
გამყრელიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივანთან საუბრისას მხარეებმა მედიის
განვითარებაზეც ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ იმაზე, რომ მედია თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა ოყოს ყველა
პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღარ მოხდეს
ხელისუფლების მხრიდან და რეალურად ამუშავდეს უწყებათაშორისი კომისია. მქონდა
საუბარი ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ შემდეგი გაფართოების
სამიტამდე რა უნდა გააკეთოს საქართველომ“,- განაცხადა გამყრელიძემ და აქვე დასინა,
რომ კლინტონს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ესაუბრნენ.
„ველოდებით, რომ 2014 წელს საქართველო რეალურად შეიძლება გახდეს ნატოს
წევრი, ამიტომ რუსეთის აგრესია მოსალოდნელია“,- განმარტა „ახლების“ ლიდერმა.
შეგახსენებთ, ჰილარი კლინტონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა.
ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ შეხვედრას 3 პოლიტიკური სუბიექტი
ესწრებოდა. „ახალი მემარჯვენეები“, "ქრისტიან- დემოკრატები“ და კოალიცია
„ქართული ოცნება“.
Internet.ge