რუს დეპუტატებს, რომლებიც ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ
„მილიონების მარშში“ იღებდნენ მონაწილეობას, მანდატების ჩამორთმევით ემუქრებიან.
დუმის ეთიკის კომისიამ განაცხადა, რომ მაღალ სადეპუტატო სტანდარტებს
გადააჭარბეს ილია პონომარიოვმა და მამა-შვილმა გუდკოვებმა.
შერისხულებისგან წერილობთ ახსნა-განმარტებას მოითხოვენ მათი „ქუჩის მოღვაწეობის“
შესახებ, რაც რუსეთის პარლამენტის წევრთა უმრავლესობის აზრით „რუსეთის მოქალაქეებს
საფრთხეს უქმნის“. ედინოროსელმა დეპუტატმა, ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ
პეტხინმა აღშფოთებით გაიხსენა ბალოტნაია: „ადამიანები დაშავდნენ, შენ კი განზე
ხარ“.
როგორც გაირკვა, ოპოზიციონერებზე „დანოსი“ დუმის ვიცე-სპიკერმა
„ედინაია როსიადან“ სერგეი ჟელეზნიაკმა დაწერა. მას არ მოეწონა ოპოზიციონერი
დეპუტატების „მილიონების მარშზე“ გამოჩენა და ამ ფაქტს „ცინიზმი“ უწოდა. ის თვლის,
რომ პონომარიოვი და გუდკოვები „ექსპლუატაციას“ უწევენ თავის სადეპუტატო
უფლებამოსილებას.
თუმცა საკითხის განხილვისას კომისია ორად გაიყო - ოპოზიციურ
მსვლელობებში მონაწილეობის გამო სადეპუტატო მანდატების ჩამორთმევასთან დაკავშირებით წამოყენებულ წინადადებას, 6 ადამიანმა მხარი
დაუჭირა, 6 კი - არა. ამიტომ საკითხის განხილვას კომისია კიდევ ერთხელ
მიუბრუნდება.
თავად ვიცე-სპიკერმა ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო
გაამწვავა და განაცხადა, რომ თუ „არეულობების ორგანიზებაში“ ამ დეპუტატების
მონაწილეობა დადასტურდება, მათი ადგილი პარლამენტში აღარ იქნება.
„თუ
ისინი მონაწილეობენ მიტინგებში, მოუწოდებენ ხალხს პროტესტისკენ,
რომელიც წესრიგის დარღვევას იწვევს, მაშინ პასუხი აგონ, როგორც რიგითმა
მოქალაქეებმა და არ დაიმალონ სადეპუტატო ხელშეუხებლობის მიღმა. თორემ ადამიანები
დაშავდნენ, ის კი განზეა“ - აღნიშნა პეტხინმა.
internet.ge