სოხუმი აშშ-ს საკონსულო დაწესებულებებში აფხაზეთის მოქალაქის დოკუმენტის მიღებისკენ მოუწოდებს
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის კვალდაკვალ, ჰილარი კლინტონის
მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებს სოხუმიც აპროტესტებს.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ
„რუსულ ოკუპაციაზე“ საუბარი შეურაცხყოფს აფხაზ ხალხს და აფხაზურ საზოგადოებაში
აშშ-ს იმიჯს ზიანს აყენებს.
სოხუმი, ისევე, როგორც ცხინვალი, ჰილარი კლინტონის
„შეცდომებზე“ მიუთითებს,
კერძოდ:
„ქართული ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღიარების შესახებ
კლინტონის გადაწყვეტილებას შეცდომად ვთვლით“ - ნათქვამია განცხადებაში და
შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ ამ ნაბიჯით „აშშ რისკავს კოლექტიურად
დასაჯოს აფხაზეთის ხალხი“.
ე.წ. საგარეო უწყება მოუწოდებს აშშ-ს, აფხაზეთის
„დეიზოლაციისა და მისი მოქალაქეების უფლების სრულყოფილად დაცვის მიზნით, თავის
საკონსულო დაწესებულებებში მიიღოს აფხაზეთის მოქალაქის დოკუმენტი“.
„აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკის გაგრძელება ქართული
მილიტარიზმისა და რევანშიზმის ფონზე, ყველაზე ცუდი ნაბიჯია, რაც შეიძლება აშშ-მ
რეგიონში სიტუაციის სტაბილიზებისა და რეგიონში კონფლიქტების დარეგულირებისთვის
გააკეთოს. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს ადმინისტრაციას გაითვალისწინოს აფხაზეთის
კანონიერი ხელისუფლების აზრი ყველა საკითხში, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და
მოქალაქეების ინტერესებს ეხება“ - ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge