პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის სამეგრელოში ვიზიტი
ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ბიძინა ივანიშვილი გუშინ მოულოდნელად ზუგდიდის რაიონ სოფელ ოდიშში
ჩავიდა და ქოჩუების ოჯახს ეწვია, ლიდერმა სოფლის მეურნეობის თემაზე ისაუბრა.
ქოჩუების სახლთან ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც 70 წლამდე ასაკის ადგილობრივი
ქალბატონი მილიარდელთან კითხვის დასასმელად არ მიუშვეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა ადგილობრივ ქალბატონს, ავღანეთში ქართველი
ჯარისკაცების ყოფნის მნიშვნელობაზე ივანიშვილის მოსაზრების მოსმენა აინტერესებდა.
ქალბატონი ორი სამხედროს დედაა, რომლებით ავღანეთის სამშვიდობო მისიაში იღებენ
მონაწილეობას.
„ქართული ოცნების“ ლიდერთან
ერთად ზუგდიდში კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიაც იმყოფებოდა.
ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ოდიშის
ცენტრშიც. სოფლის ცენტრში შეკრებილები ცდილობდნენ გაერკვიათ რატომ გაახსენდათ ‘’ოცნების"
ლიდერებს სამეგრელო მხოლოდ წინასაარჩევნოდ.
ერთ-ერთმა ქალბატონმა ბიძინა ივანიშვილი მხარდაჭერისთვის ფულის
დარიგების მცდელობაში დაადანაშაულა.
სოფლის მკვიდრმა ირაკლი ალასანიას კონკრეტული თანხაც დაუსახელა. ქალბატონის
მტკიცებით, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი
წარმომადგენლები მოსახლეობას 20-დან 40 ლარამდე თანხას სთავაზობდნენ ივანიშვილთან
შეხვედრის სანაცვლოდ.
ამასთან, ოდიშის ცენტრში შეკრებილები დაინტერესდნენ სად იყო ყოფილი
სამხედრო პირი ირაკლი ალასანია, როდესაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ამ
სოფლებს საფრთხე შეექმნათ.
ირაკლი ალასანიამ ამ ადამიანების საპასუხოდ განაცხადა, რომ ისინი
ხელისუფლების მხრიდან სპეციალური დავალებით იმყოფებოდნენ სოფლის ცენტრში.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვა, რომელიც სამეგრელოს რაიონში
ბანდ-ფორმირებების არსებობას გულისხმობდა, ამ ინფორმაციის ავტორმა ირაკლი ალასანიამ
უპასუხოდ დატოვა.
ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ის აცნობიერებს სად იმყოფება, მაგრამ
შიშის გრძნობა არ გააჩნია.
„ვიცი რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ ვერ
გაბედავენ“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ოდიშიდან საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი სოფელ
ორულუში ჩავიდა, სადაც მას ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტის სახელის
სკანდირებით დახვდნენ.
კოალიციამ აღნიშნული ინციდენტი დღეს გავრცელებულ განცხადებაში
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან პროვოკაციის მცდელობად შეაფასა.
„შეხვედრას რიგითი მოქალაქეების გარდა "ნაციონალური
მოძრაობიდან" საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სცადეს
ბიძინა ივანიშვილისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელი შეეშალათ.
ადგილობრივები „ქართული ოცნების“ ლიდერს სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური
პრობლემების გადაჭრის მისეულ ხედვაზე შეკითხვებს უსვამდნენ“, - მიიჩნევენ ‘’ქართულ
ოცნებაში".
internet.ge