"ახალი მემარჯვენეების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარე პაატა მგელაძემ დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე ხულოს რაიონის სხალთის თემის
საავადმყოფოში სამშობიარო ბლოკის გახსნა მოითხოვა.
"ახალი მემარჯვენეების" აჭარის ლიდერის განცხადებით, სამშობიარო
სახლის არქონა სხალთის ხეობის 20-მდე
სოფლის სერიოზული პრობლემაა. იმის გამო, რომ სხალთის
საავადმყოფოში სამშობიარო ბლოკი არ არის, მოსახლეობა იძულებულია მშობიარე
რამდენიმე კილომეტრზე წაიყვანოს, რომ უახლოეს სამშობიარო სახლამდე მიაღწიოს.
"აჭარის მთიანეთი რელიეფურადაც რთულია და ტრანსპორტით გადაადგილება სოფლებიდან ჭირს. ხეობაში მდებარე
20-მდე სოფლის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია,
ხშირია შემთხვევები, როდესაც
მშობიარის საავადმყოფომდე მიყვანას ვერ ასწრებენ. ამის შესახებ სხალთის
ხეობის მოსახლეობამ ჯანდაცვის მინისტრიც ჩააყენა საქმის კურსში",- განაცხადა
პაატა მგელაძემ.
"ახალი მემარჯვენეები" აცხადებენ, რომ ამ პრობლემის
მოგვარება რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს.
"მოვითხოვთ დროულად გადაწყდეს ეს პრობლემა, რადგან ამასთან მთელი
სხალთის ხეობის რამდენიმე თემში შემავალი
სოფლების ბედია დაკავშირებული. სხალთის საავადმყოფოში სამშობიარო ბლოკის
გახსნა დიდ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. ამას როგორც ცენტრალური, ისე
ადგილობრივი ხელისუფლების კეთილი ნება და მონდომება სჭირდება. წარმოუდგენელია 21-ე
საუკუნეში ადამიანები იძულებულნი იყონ ისევ ბებიაქალების იმედად აჩენდნენ შვილებს
და ექიმის დახმარების გარეშე იყვნენ დარჩენილი",- განაცხადა პაატა მგელაძემ.
internet.ge