დავით
ბაქრაძე მარნეულში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის
დასაწყისშივე აღნიშნა, ხელისუფლების ვალდებულებაა პირადად შეხვდეს და მოუსმინოს
ხალხს. "ისევე, როგორც ყველგან, მარნეულშიც ბევრი რამ კეთდება. თუმცა,
ამის პარალელურად რჩება მთელი რიგი პრობლემები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ
პრობლემების ადგილზე გაცნობა", – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით ბაქრაძემ შეხვედრისას ადგილობრივებს მიმდინარე წელს საპენსიო
და სადაზღვევო სისტემაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. როგორც მან განმარტა,
სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერი და ექვს წლამდე ბავშვი უფასო სამედიცინო
დაზღვევით ისარგებლებს. მან შეკრებილებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის
გამარტივების თვალსაზრისით შექმნილი მედიაციის სამსახურის შესახებ ინფორმაცია
მიაწოდა.
დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით
დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი
პრიორიტეტი სწორედ სოფლის მეურნეობაა.
რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებმა დავით ბაქრაძესთან დიალოგისას
აღნიშნეს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი
წყლის ნაკლებობა და საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობა იყო. თუმცა, აღინიშნა,
რომ ეს პრობლემები უკვე მოგვარებულია, რისთვისაც მათ მადლიერება გამოხატეს.
"უახლოეს მომავალში წყლის პრობლემა მარნეულში საბოლოოდ
გადაიჭრება. რაც შეეხება სარწყავ წყალს, აქ მხოლოდ 2 000 ჰა მიწა ირწყვებოდა,
ახლა კი 12 000 ჰა ირწყვება. ამ მიმართულებით ჩვენი ამოცანაა უახლოეს
პერიოდში უკვე შესაძლებელი გახდეს 18 00 ჰა მიწის მორწყვა, რაც დაგვეხმარება
იმაში, რომ სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო განვითარდეს", – განაცხადა დავით
ბაქრაძემ.
ადგილობრივმა მოსახლეობამ დავით ბაქრაძეს ბავშვებისთვის სტადიონის და
გასართობი სკვერის კეთილმოწყობა სთხოვეს, რაზეც მათ პირობა მიიღეს.
დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ვიცე სპიკერ გიორგი წერეთელთან და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის საკონსერვო ქარხანა
"მარნეული" მოინახულა.
"ეს საწარმო არის ერთ-ერთი წარმატებული ქართული საწარმო,
სადაც 500 ადამიანია დასაქმებული წარმოებასა და დისტრიბუციაში. გარდა ამისა,
საწარმო ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან სოფლის მეურნეობის პროდუქტებს იბარებს. ეს
არის ნიმუში იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი საწარმოების არსებობა ყველა
რეგიონში მოსახლეობის დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის
განვითარებისთვის. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი
ბიზნესს და უახლოეს პერიოდში არ დარჩეს არც ერთი რეგიონი სადაც არ იქნება
ისეთი წარმატებული საწარმოები, რომელიც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებას
უზრუნველყოფს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს", – განაცხადა დავით
ბაქრაძემ.
Internet.ge