საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არსებობენ
ადამიანები, რომლებიც მხოლოდ „შადრევნებს“ ხედავენ და ამბობენ, რომ 21- ე საუკუნეში
ელექტოენერგიის „დამადლება“ არ შეიძლება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მეზღვაურთა დღისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სოციალურ ქსელებში ერთი ქალბატონი მწერს, რა შეგვჭამეთ 21-ე საუკუნეში, რომ აღარ არის
დენის პრობლემა. მეც მომწონს ბატონო ეს შადრევნები, მაგრამ რას გვამადლით ამას. ამ
ქალბატონს მხოლოდ შადრევნები გაუგია და სხვას ვერაფერს ამჩნევს. დღეს დენი მართლა
არავის უკვირს, მაგრამ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდით ვარდების რევოლუციამდეც, როცა არც
დენი, არც გაზი და არც წყალი გვქონდა, მაგრამ ჩვენს ეპოქაში ეს არ არის მხოლოდ
დენი და წყალი, არამედ ეს არის ახალი ქალაქები და განვითარება“,- განაცხადა
პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბათუმი სრულიად განსხვავებული ქალაქია
იმისგან, რაც იყო ვარდების რევოლუციამდე.
„არასოდეს ბათუმი არ აშენებულა იმ ტემპით, როგორც შენდება ახლა. ეს
მხოლოდ დასაწყისია. ეს ქალაქი ორჯერ გაიზრდება უახლოეს სამ წელიწადში. ბათუმი იქნება
მსოფლიოში ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ქალაქი. მე ვამაყობ იმით, რაც დღეს აქ ხდება.
ჩვენ ასევე ვიამაყებთ, როცა განვითარდება ფოთის ინდუსტრიული ზონა. ფოთში შენდება
ახალი საწარმოები, ეს ქალაქი მთავარი კარიბჭე იქნება დანარჩენი საქართველოსთვის
მისი ეკონომიკური პოტენციალით“,- განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
Internet.ge