პარლამენტი ე.წ. Must carry-ის პრინციპზე იმსჯელებს
საარჩევნო პერიოდში, ე.წ. Must carry-ის პრინციპის ამოქმედებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს,
დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.
კომიტეტის
სხდომაზე, პროექტის განხილვა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად
მოხდება.
პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკითხის
პირველი მოსმენით განხილვა 28 ივნისის სხდომაზე მოხდება, ხოლო 29 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე უწყება ცვლილებებს დაამტკიცებს.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტით, საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე
პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისთვის
შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის
ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში.
პროექტით, აღნიშნული პუნქტის სატელიტური
მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია.
კერძოდ, ამ შემთხვევაში, მაუწყებელს ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მაუწყებლობის სავალდებულო
ტრანზიტის პრინციპის შემოღების ინიციატივით, კამპანია „ეს შენ გეხება“ გამოვიდა.
საკითხზე, თავდაპირველად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონსულტაციები
პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილთან
გამართეს, თუმცა უმრავლესობამ პროექტი არ მოიწონა, იმ მოტივით, რომ ეს კერძო
ბიზნესში ჩარევა იქნებოდა. პარლამენტის უარის შემდეგ, კამპანიამ ე.წ. Must carry-ის პრინციპთან
დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირების მიზნით, მოსახლეობაში 30 ათასი
ხელმოწერის შეგროვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მოგვიანებით, დავით
ბაქრაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ ამ
პრინციპს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ემოქმედა.
internet.ge