აშშ მოსკოვისგან თავისი დიპლომატებისთვის მუშაობის ნორმალური გარემოს უზრუნველყოფას ითხოვს
ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ აშშ-ის ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი და სხვა ამერიკელი დიპლომატები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეძლებენ რუსთში მუშაობის გაგრძელებას - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა.
გასულ კვირას მაკფოლმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მისი ნებისმიერი სამუშაო შეხვედრა, მათ შორის ის შეხვედრები, რომლებსაც საელჩო არ აანონსებს, როგორღაც, ცნობილი ხდება ტელეკომპანია „ნტვ“-სთვის.
ელჩმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „ნტვ“-ს ჟურნალისტები მას მუდმივად დასდევენ, „სადაც არ უნდა წავიდე, „ნტვ“ იქაა. საინტერესოა, ვინ აძლევს მათ ჩემს განრიგს? - დაწერა მაკფოლმა.
მან ასევე დასძინა, რომ მედიას აქვს უფლება გადაიღოს ის, სადაც უნდა იყოს. „მაგრამ აქვს თუ არა მას უფლება წაიკითხოს ჩემი email და მოუსმინოს ჩემს ტელეფონს?“ - კითხულობს ელჩი.
ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა რუსეთის ხელისუფლებას მაკფოლის განცხადებების გადამოწმება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვეს.
„ჩვენ ვლაპარაკობთ არა მხოლოდ ელჩის, არამედ საელჩოს ყველა თანამშრომლის უსაფრთხოებაზე. რუსული მხარეც შესაბამისად მოიქცა და დაგვპირდა, რომ განიხილავს ამ ინცინდენტებს“ - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.
Internet.ge