ბაქრაძე: Must carry-ს ვადის ამოწურვის შემდეგ საზოგადოება საინფორმაციო ვაკუუმში არ აღმოჩნდება
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ე.წ. Must carry-ს პრინციპის ვადის ამოწურვის შემდეგ საზოგადოება საინფორმაციო ვაკუუმში არ აღმოჩნდება.
როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, მაუწყებლების სავალდებულო ტანზიტთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას, ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც საუბარია, რომ უცებ, ერთ დღეს ინფორმაციის მიღების წყარო გაითიშება.
სპიკერი
ოპოზიციას მოუწოდებს მხოლოდ ნეგატივზე ნუ ფოკუსირებენ.
„მეგობრებო,საზოგადოებას შეცდომაში ნუ შევიყვანთ. არსად არაფერი არ მოხდება ისე, რომ თითქოს უცებ ჩვენი საზოგადოება საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდება. ყველა სატელევიზიო არხი დარჩება ისე, როგორც არის დღეს. უბრალოდ წინასაარჩევნო სპეციფიურ პერიოდში,
ჩვენ სატელევიზიო არხებსა და საკაბელოებს დამატებით ვალდებულებას ვაკისრებთ, რომელიც ხშირ შემთხვევაში
მათ კომერციულ და საბაზრო ინტერესს ეწინააღმდეგება. დამეთანხმებით, რომ ეს ვერ მოხდება მუდმივ რეჟიმში. მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში კომერციულ საქმიანობაში უხეშად ერევა. ეს ვალდებულება არის ძალიან მაღალი ხარისხის. იგივე, აშშ-ში მაგალითად, ეს მოდელი მოქმედებს მხოლოდ მაუწყებლებზე, რომლებსაც აქვთ სიხშირული ლიცენზია და ჩვენ რომ ამერიკული სტანდარტი მიგვეღო, რომელიც ზოგადად ყველაზე მაღალ სტანდარტად ითვლება, ბევრი ის სატელევიზიო არხი, რომელსაც დღეს არ აქვს სიხშირული ლიცენზია და სატელიტური ლიცენზიით მოქმედებს,
ამ პრინციპის მიღმა დარჩებოდა“, – დასძინა მან.
მაუწყებლების სავალდებულო ტანზიტთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო.
Internet.ge