უზბეკეთმა ოფიციალურად
განაცხადა, რომ აპირებს დატოვოს რუსეთის მიერ საკუთარი ინტერესების
განსახორციელებლად შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი - კოლექტიური უსაფრთხოების
შეთანხმების ორგანიზაცია (ОДКБ). შესაბამისი ნოტა ორგანიზაციის
სამდივნომ უკვე მიიღო.
„მივიღეთ უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა.
მიმდინარეობს იურიდიული და სამართლებრივი შეფასება და ОДКБ-ს სახელმწიფოთა მეთაურებისთვის
მზადდება მოხსენება,“ -
განაცხადა პრეს-მდივანმა ვლადიმერ ზაინეტდინოვმა.
ამ დროისათვის ორგანიზაციში, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა შედიან
რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი, რომელიც
მანამდე, 1999 წელს ერთხელ უკვე გამოეთიშა ამ ორგანიზაციას, თუმცა 2006 წელს ისევ
შეუერთდა.
მოსკოვს ნამდვილად მოუწევს დაფიქრება, რატომ გადადგა ტაშკენტმა ასეთი
ნაბიჯი. და მაინცდამაინც ახლა.
„რატომ გზავნის ამ ნოტას უზბეკეთი სწორედ ახლა? იქმნება შთაბეჭდილება,
რომ ის, ბოლოს და ბოლოს გადაიბირეს ამერიკელებმა“ - აცხადებს ექსპერტი დანიილ
კისლოვი. ანატოლი ბარანოვი კი აცხადებს, რომ ОДКБ „მეგობარი დიქტატორული რეჟიმების მიერ
დიქტატორული რეჟიმების სტაბილურობის მხარდასაჭერი ინსტრუმენტია“ და ტაშკენტისთვის,
რომელსაც თავად აქვს საკმარისი სიძლიერის შეიარაღებული ძალები, ეს ალიანსი
საჭიროებას არ წარმოადგენს, რადგან თავისი რესურსებით რუსული პოლიტიკის მხარდაჭერა
პრეზიდენტ კარიმოვს არ სურს.
ბოლო პერიოდში უზბეკეთი ისედაც არ იყო ОДКБ-ს აქტიური მონაწილე.
Internet.ge