საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლები, დღეს, პარლამენტში, -„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, ცვლილებებს გაეცნობიან.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი დიპლომატებს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პროექტი პირველი მოსმენით, გასულ კვირას მიიღო. ცვლილებების თანახმად, პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ „დაკავშირებული პირის“ ცნება კანონში აღარ იქნება. ასევე, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის გამოხატვის გამო, კონტროლის პალატას უფლება აღარ ექნება პირს შეზღუდვები დაუწესოს. ამასთან, შეიზღუდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც პოლიტიკური პარტიისთვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება.
აღნიშნული შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
Internet.ge