ვანო მერაბიშვილი
თერჯოლაში, სოფელ აჯამეთის მაცხოვრებლებს შეხვდა და სოფლის პრობლემებს გაეცნო.
პრემიერმა სოფლის მეურნეობის წახალისებასა და მოსავლის ზრდის აუცილებლობაზე
ისაუბრა.
„პირველ რიგში, ჩვენი
ამოცანაა, მოსავალი გავზარდოთ და ექსპორტზე გავიტანოთ. სოფლის მეურნეობა უნდა იყოს
მდგრადი და გლეხმა იცოდეს, მოსავალს რომ მოიყვანს იმას აუცილებლად გაყიდის და
მოგება დარჩება, რათა მომავალ წელსაც ჰქონდეს ამის გაკეთების ხალისი,“ - განაცხადა
მერაბიშვილმა.
ადგილობრივმა გლეხებმა
პრემიერს ხიდის აღდგენა სთხოვეს. მდინარე ყვირილაზე აშენებული ხიდი წყალდიდობის
დროს დაინგრა და მოსახლეობას სავარგულებამდე მისვლა შემოვლითი გზებით უხდებათ,
რაც, მათი თქმით, 20 კმ გავლას გულისხმობს. ვანო მერაბიშვილმა მათ დახმარება
აღუთქვა.
„ტენდერი
გამოცხადებულია და ორ კვირაში გამარჯვებული ფირმა გამოვლინდება. სამ კვირაში თუ
დაწყებული არ იყოს საქმე, თბილისში დამადექით,“ - დასძინა მან.
პრემიერ-მინისტრი
მოსახლეობას მოსავლის აღებაზე ჩასვლასაც დაჰპირდა.
internet.ge