მონაკოში, ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარდაჭერა
გამოუცხადა. რეზოლუციის წინააღმდეგი არის მხოლოდ რუსეთი, რომელიც აცხადებს, რომ
დოკუმენტი ანგაჟირებული და რეალობას მოწყვეტილია.
რეზოლუციის საბოლოო
კენჭისყრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხვალინდელ სხდომაზე გაიმართება, მანამდე
კი მისი განხილვა პოლიტიკურ კომიტეტში შედგა, სადაც რუსეთის დელეგაცია კვლავ
შეეცადა დოკუმენტის ტექსტიდან ტერმინის „ოკუპირებული ტერიტორიების“ ამოღებისთვის
მიეღწია, რაზეც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან წინააღმდეგობას
წააწყდა.
რუსეთის
დელეგაცია აცხადებს, რომ დოკუმენტი
ცალმხრივია და არ ითვალისიწინებს კავკასიის რეგიონში კონფლიქტების თვალსაზრისით
შექმნილ მდგომარეობას. კერძოდ, მოსკოვის აზრით, ეს „ახალი რეალობა“ მდგომარეობს
იმაში, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთისა და ცხინვალის
რეგიონმა კი დამოუკიდებლობა მიიღო, რასაც საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი უნდა
გაუსწოროს.
გამართული
მსჯელობის დროს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგი წერეთელმა განაცხადა,
რომ ეს არის სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ
ვითარებას.
„ეს ეხება ჩვენი
ტერიტორიების ოკუპაციას და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელთა მოღვაწობაც
ოკუპირებულ რეგიონებში შეზღუდულია. ყველა საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მიიღო
რეზოლუციები, რომლებშიც რეალობა უფრო მკაცრი ენითაა აღწერილი. მართებულია, რომ
ამაზე ეუთოც ამახვილებს ყურადღებას და იზიარებს ამ პრინციპებს “- განაცხადა გიგი
წერეთელმა.
შეგახსენებთ,
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი პოლონელი დეპუტატის
მიხეილ შერბას მიერაა ინიცირებული. მისი თანაავტორი კი ეუთოს წევრი 9 სახელმწიფოს 36 პარლამენტარია. რეზოლუციაში წერია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, უზრუნველყონ შიდა ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და რაც მთავარია, ასამბლეა „დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის მთავრობასა და პარლამენტს, ასევე საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს, რომ ნება დართონ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, დაუბრკოლებლად შევიდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
Internet.ge