ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი,
პირველ ტურში მეორე ადგილზე გასული დავით სანაკოევი, რომელიც ე.წ.
პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირია
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, აცხადებს, რომ მეორე ტურში გამარჯვების
შემთხვევაში დეტალურად გამოიძიებს ყველაფერს, რაც 2008 წლის შემდეგ რეგიონში
ხდებოდა.
ის ამბობს, რომ არასდროს ყოფილა
ედუარდ კოკოითის ჯგუფის წევრი, რაც ცხინვალში დღესდღეობით ყველაზე დიდ მინუსად
ითვლება.
სანაკოევი მოსახლეობას ჰპირდება, რომ
ის, რაც „სამხრეთ ოსეთში 2008 წლის შემდეგ ხდებოდა, დეტალურ და თანაც საჯარო
გამოძიებას საჭიროებს, დამნაშავეები და მათი თანამონაწილეები უნდა გამოვლინდნენ და
დაისაჯონ, - მიუხედავად იმისა, თუ ვისი გუნდის წევრები არიან და რა მდგომარეობა და
სოციალური სტატუსი აქვთ საზოგადოებაში.“
ედუარდ კოკოითის „აჩრდილი“, როგორც ჩანს,
დღესაც აწუხებთ ცხინვალში, რადგან თვლიან, რომ ამჟამინდელი კანდიდატები, რომლებიც
იმ რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ, გარკვეულწილად, ვალდებულად იგრძნობენ თავს,
რომ კოკოითის გუნდის წევრები კვლავ დანიშნონ თანამდებობებზე. ამასთან დაკავშირებით, კითხვა
„არჩევნების“ პირველი ტურის ლიდერს,
ლეონიდ თბილოვსაც დაუსვეს, რომელმაც განაცხადა, რომ „კოკოითის კლანთან“ არანაირი
კავშირი არ აქვს.
Internet.ge