ბიძინა ივანიშვილი, მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით დღეს, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.
ივანიშილის პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე სპეციალური პრესკონფერენცია დღეს, 11:00 საათზე „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისში გაიმართება.
ფანჯიკიძის განმარტებით, დღეს ივანიშილი მოქალაქეობის თემის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს. ბიძინა ივანიშვილის მიერ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.
საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა განცხადებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე, 2012 წლის 5 იანვარს მიმართა. თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
“ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.მსგავსი თხოვნით მას შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა კი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში“,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Internet.ge