"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განმარტებას აკეთებს
2012 წლის 5 ივლისს, გადაცემაში "აკრედიტაციის გარეშე" გასულ სიუჟეტზე,
სადაც პარტიის ყოფილი კოორდინატორი, რუსუდან წიკლაური მოქალაქეთა პოლიტიკურ
გაერთიანებას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებდა და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"პირველ
ყოვლისა, ვადასტურებთ, რომ პარტიის მიზანი არის არჩევნებში გამარჯვების
მოპოვება და ამ მიზნის მისაღწევად პარტია იყენებს და მომავალშიც
გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის
თანახმად, სწორედ ამგვარ საშუალებას წარმოადგენს მოხალისის მიერ
ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოს გამოყენება პარტიის პოლიტიკური მიზნების
მისაღწევად, მათ შორის, ისეთი ლეგიტიმური მიზნისა, როგორიცაა სიუჟეტში
ნახსენები, ე.წ. მხარდამჭერთა სიების შეგროვება.
ყველა თანამედროვე
დემოკრატიაში საარჩევნო კამპანიისთვის სრულიად ლოგიკურ აქტივობას
წარმოადგენს პარტიის მხარდაჭერის რესურსის გაზომვა და პრობლემური რაიონების
იდენტიფიცირება. ზემოთქმული საქართველოს კანონმდებლობითაც ნებადართული
საქმიანობაა და არ არის რაიმე შეზღუდვის ობიექტი.
აქვე
აღვნიშნავთ, რომ მსგავს აქტივობებში, ცალკეულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით
ჩართულნი არიან საჯარო მოხელეებიც, რაც არ წარმოადგენს კანონის დარღვევას.
პარტია განუხრელად იცავს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლითაც საჯარო
მოხელეები პარტიულ აქტივობებში მონაწილეობისას არ უნდა იყენებდნენ
სამსახურეობრივ მდგომარეობას და აგიტაციაში არ მონაწილეობდნენ უშუალოდ
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში.
32-ე
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი რუსუდან წიკლაური იყო ერთ-ერთი
მოხალისეთაგანი, რომელიც ჩართული იყო პარტიის აქტივობებში. მისი პარტიული
საქმიანობა არასდროს უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ მოვალეობას.
ამასთანავე, იგი ამ სამუშაოს ასრულებდა როგორც მოხალისე, სამსახურისაგან
თავისუფალ დროს და არასდროს არ აუღია ამისათვის გასამრჯელო.
რამდენიმე
თვის წინ ცნობილი გახდა რუსუდან წიკლაურის განსხვავებული პოლიტიკური
შეხედულებების შესახებ, რის გამოც პარტიამ აღარ მიიჩნია საჭიროდ მისი,
როგორც მოხალისის, შრომის გამოყენება საარჩევნო მიზნებისათვის.
ბუნებრივია, ამას არ მოუხდენია არავითარი გავლენა მის სამსახურზე და
რუსუდან წიკლაური დღემდე აგრძელებს მუშაობას სამეურვეო საბჭოს წევრად.
აქვე
აღვნიშნავთ, რომ პარტია ახორციელებს მოცულობით საქმიანობას მთელი წლის
განმავლობაში და აქვს შესაბამისი ხარჯები. ყველა პარტიული ღონისძიებისა და
აქტივობის დაფინანსება ხორციელდება მხოლოდ პარტიის ფონდიდან და ხარჯების
შესახებ ინფორმაციის საჯაროობა უზრუნველყოფილია კანონმდებლობით დადგენილი
წესით" - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
internet.ge