საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი ირაკლი ალასანიას მიმართვას აქვეყნებს.
საბჭოს ინფორმაციით, 20 მარტს ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართა. ირაკლი ალასანიას თქმით, მას გააჩნდა საფუძვლიანი მონაცემები დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, დოკუმენტის გამოქვეყნება იმის გამო ხდება, რომ საზოგადოებას თავად ჰქონდეს შესაძლებლობა იმსჯელოს, თუ რამდენად სერიოზულია წარმოდგენილი მონაცემები.
„მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები",- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, სრულიად გაუგებარია მოსაზრება, რომ ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან.
"აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში",- განაცხადა ბოკერიამ.
პირველი განცხადება საქართველოში უკანონო შეირაღებული ფორმირებების სავარაუდო არსებობის შესახებ ირაკლი ალასანიამ 15 მარტს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე გააკეთა.