არავის
სურს ახალი ომი მთიან ყარაბაღში, - განაცხადა აზერბაიჯანის მილი
მეჯლისის ვიცე-სპიკერმა ბახარ მურადოვამ.
მისი
თქმით, ზოგიერთები წარმატებად მიიჩნევენ იმას, რომ კონფლიქტის ზონაში დღეისათვის
ომი არ არის, მაგრამ ბაქო ამას წარმატებად არ თვლის.
„სტატუს-ქვოს“
შენარჩუნება არ შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს. მთავარი კონფლიქტის მიზეზის
გადაწყვეტაა,“ - განაცხადა მურადოვამ და შუამავალ მხარეებს, კერძოდ, ეუთოს მინსკის
ჯგუფს ამ მიმართულებით მუშაობისკენ მოუწოდა. ამ საკითხზე მუშაობა, მურადოვას თქმით,
იმის მაჩვენებელი იქნება, თუ რამდენად არის მზად ორგანიზაცია, წერტილი დაუსვას
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.
ვიცე-სპიკერმა
უარყოფითად შეაფასა ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება იმის შესახებ, რომ
საერთაშორისო სტრუქტურები არ აპირებენ კონფლიქტის მხარეებზე ზეწოლას.
„ჩვენ
გვაშფოთებს საერთაშორისო ორგანიზაციების ასეთი მიდგომა. როგორ შეიძლება არ იქონიო
ზეწოლა მხარეზე, რომელიც საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ამიტომ ასეთი განცხადებები
აზერბაიჯანში სამართლიან რეაქციას იწვევს,“ - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
ამასთან, მურადოვას თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო და ეკონომიკური ძლიერების
საკითხი აშფოთებს არა მარტო სომხეთს, არამედ მის „მფარველებსაც“.
internet.ge