კბილაშვილი: ჯარიმის გადახდის შემდეგ ივანიშვილს დაყადაღებული ქონება უკან უნდა დაუბრუნდეს
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ჯარიმის
გადახდის შემდეგ, კოალიციის ლიდერს დაყადაღებული ქონება უკან უნდა დაუბრუნდეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კბილაშვილმა განუცხადა, იმ წუთიდან რაც
გადახდილი თანხა ანგარიშზე ჩაირიცხება, კანონის ფარგლებში, ქონების უკან დაბრუნება
უნდა მოხდეს.
„თანხის ჩარიცხვის შემდეგ იძულებული იქნებიან ქონება დააბრუნონ,
რადგან ეს კანონით არის გათვალისწინებული. თუმცა არ გამიკვირდება კიდევ რაიმე
უკანონობა ჩაიდინონ და ამ ქონების უკან დაბრუნება არ მოხდეს. მე მაინც იმედს
გამოვთქვამ, რომ აღნიშნული საკითხი კანონის ფარგლებში მოგვარდება“,- განაცხადა
კბილაშვილმა.
ადვოკატი არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას მოხდა თუ არა უკვე ივანიშვილის
მიერ გადახდილი თანხის ანგარიშზე დარიცხვა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა
დასახმარებლად საქართველოს ბიუჯეტში 80 მილიონი ლარი გადარიცხა, ამის შესახებ
განცხადება ივანიშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
კოალიციის ლიდერის განცხადებით,საქართველოს ხელისუფლებამ მას ყველა
გზა მოუჭრა და ერთადერთი კანონიერი საშუალება, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების
დასახმარებლად, უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების გადახდაა. 80 მილიონი ლარი
სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე უკვე გადაირიცხა. ბიძინა ივანიშვილის თქმით,
თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა სრულფასოვანი დახმარებისთვის არის
განკუთვნილი, თანხის ხარჯვის მონიტორინგს კი „ქართული ოცნება“ განახორციელებს.
internet.ge