პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და თიანეთის
მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს საარჩევნო კოდექსის, გარდამავალ
დებულებებში შეტანილ ცვლილებას აკრიტიკებს.
როგორც ქუცნაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან
საუბრისას განაცხადა, ცვლილებების შესაბამისად, მიწერილი (რეგისტრაციიდან მოხსნილი
ამომრჩეველი), განსხვავებით 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისა, კვლავ რჩება
ამომრჩევლთა სიაში ძველი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ხმას აძლევს, იმავე
უბანზე როგორც მაჟორიტარულ ისე პროპორციულ არჩევნებში.
ქუცნაშვილის განცხადებით, აღნიშნული ნორმა ამომრჩევლის რეგისტრაციის
სახელმძღვანელო პრინციპს ეწინააღმდეგება.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის წინაშე უნდა
დაისვას საკითხი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. როგორც „ქართული
ოცნების“ წევრი ირწმუნება, ყველა ის მიწერილი ამომრჩეველი, რომელსაც რეგისტრაცია
იუსტიციის სამინისტროსა და მესაკუთრის განცხადების საფუველზე გაუუქმდა, არ უნდა იყოს შეყვანილი სიაში ძველი
რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო კომისიის მიერ ჩატარებული „კარდაკარის“
მიხედვით, მსგავს პირთა რაოდენობა 189 000 ამომრჩეველს შესდგენს.
internet.ge